შიგთავსზე გადასვლა

Linux გეოგრაფებისთვის

ეს არ არის კიდევ ერთი ლინუქსის სახელმძღვანელო. ინტერნეტში ასეთი ათასია და ბევრი მათგანი შესანიშნავია. აქ სხვა რამეა: ლინუქსი გეოგრაფის ამოცანების ჭრილში.

განსხვავება მარტივი მაგალითით ჩანს. ჩვეულებრივი სახელმძღვანელო find-ს ასე გასწავლის:

find /path -name "*.txt"

აქ კი ასე:

# 1 200 ორთოფოტოდან იპოვე ის, რომლებიც 2024 წელს გადაიღეს
# და ერთ საქაღალდეში გადაიტანე — ხელით 1 200 ფაილს არ გადაათრევ
find /data/ortho -name "*_2024*.tif" -exec mv {} /data/ortho_2024/ \;

ერთი და იგივე ბრძანებაა. მეორე გემახსოვრება, რადგან იმ ტკივილს ხსნის, რომელიც ნამდვილად გქონია.


რატომ სჭირდება გეოგრაფს ლინუქსი

„QGIS Windows-ზეც მუშაობს — მერე რა?\"

მართალია. QGIS-ისთვის ლინუქსი არ გჭირდება. მაგრამ:

  • სერვერები ლინუქსია. GeoServer, PostGIS, MapProxy, GeoNode — თუ ოდესმე გინდა, რომ შენი რუკა ვებზე გავიდეს და არა მხოლოდ შენს ლეპტოპზე იყოს, სერვერთან გექნება საქმე.
  • GDAL ბრძანების ველზეა აშენებული. QGIS-ის ღილაკები GDAL-ის ბრძანებების გარსია. როცა 300 რასტრის დამუშავება გჭირდება, ღილაკს 300-ჯერ არ დააჭერ.
  • დისტანციური ზონდირება და ML ინსტრუმენტები — თითქმის ყველა ჯერ ლინუქსზე გამოდის.
  • უფასოა და გამჭვირვალე. ეს ისეთივე ღირებულებაა, როგორც QGIS-ის ღია კოდი.

ვისთვისაა

გეოგრაფისთვის, GIS სპეციალისტისთვის, სტუდენტისთვის, რომელსაც ლინუქსზე ხელი არ უხლია. წინარე ცოდნა არ გჭირდება — ვიწყებთ იქიდან, თუ რა არის ტერმინალი.

სასურველია, თუ უკვე იცნობ QGIS-ს — მაშინ GIS მაგალითები უფრო გამოგადგება. თუ არა, GIS საბაზისო კარგი დასაწყისია.

როგორ ისწავლო

ერთადერთი წესი

კითხვით ლინუქსს ვერ ისწავლი. ყველა ბრძანება ხელით აკრიფე. არა კოპირებით — აკრიფე. შეცდომები, რომლებსაც აკრეფისას დაუშვებ, სწორედ ის ადგილებია, სადაც ცოდნა გიჩერდება.

გჭირდება სავარჯიშო სისტემა. არ გამოიყენო სამუშაო კომპიუტერი. ვარიანტები 00 — მომზადების თავშია: ვირტუალური მანქანა (რეკომენდებული), dual-boot, ან WSL.

თავები თანმიმდევრობით დაწერილია — 01-დან 12-მდე. თითოეული ეყრდნობა წინას.

სასერტიფიკატო გზა

ეს დოკუმენტაცია სამი გამოცდის ამოცანებს ფარავს:

გამოცდა ტიპი რას აძლევს
LPIC-1 101 ტესტი (მრავალარჩევანი) ლინუქსის საფუძვლები, დისტრიბუციისგან დამოუკიდებელი
LPIC-1 102 ტესტი (მრავალარჩევანი) სკრიპტირება, ქსელი, უსაფრთხოება, ადმინისტრირება
RHCSA (EX200) პრაქტიკული — ცოცხალი სისტემა, ტაიმერი Red Hat Enterprise Linux 9 ადმინისტრირება

თავები თემატურადაა დალაგებული და არა გამოცდების მიხედვით — LPI-ის ნუმერაცია საგამოცდო ლოგისტიკაა, არა სასწავლო თანმიმდევრობა. ყოველ გვერდს ბოლოში აწერია, რომელ ამოცანას შეესაბამება.

სასერტიფიკატო ამოცანების სრული მატრიცა

იმ მატრიცაში პროგრესსაც აღნიშნავ — რომელი ამოცანა გაქვს გავლილი და რომელი დაგრჩა.

RHCSA სხვა ჟანრია

LPIC-1 ტესტია — კონსპექტის კითხვა და დამახსოვრება მუშაობს. RHCSA-ზე კი სისტემას გაძლევენ და ამოცანებს ასრულებ. ამისთვის ლაბორატორიები გჭირდება, არა კონსპექტი.


თავები


რესურსები

მასალის შესახებ

კონსპექტი იწერება სწავლის პროცესში. შეცდომას თუ შეამჩნევ ან რამე გაუგებარია — გამოგვიგზავნე.